სამტრედიის მუნიციპალიტეტის დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროს კახა ნადირაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
სკოლაში უკვე მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა და გადაიხურა შენობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. პარალელურად, შენდება ახალი სპორტული დარბაზი.
„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დიდ ჯიხაიშში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე შესრულებულია, პროცესი კი აქტიურად გრძელდება. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემო. ცენტრალური ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების მხარდაჭერით, ეტაპობრივად ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებული საჭიროებების მოგვარებას. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.














