დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გივი ჭიჭინაძის თანხლებით, დიდ ჯიხაიშში, დევნილთა დასახლებაში გზის ასფალტ-ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა.
524 მ. გზის მონაკვეთი აგრარული კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ჩასახლებული დევნილებისთვის წლებია დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიერიდან ამ მონაკვეთზე გზა ასფალტირებულია.
როგორც აფხაზეთიდან დევნილი ანზორ გოგუა გვიხსნის, ,, ყოველი გაწვიმების დროს წარმოუდგენელი იყო ფეხით გადაადგილება. ბავშვებს სკოლაში მისვლა ძალიან უჭირდათ. მოკლედ, გაუსაძლისი მდგომარეობა გვქონდა. მოგვიწესრიგეს გარე განათება და ჩვენი ყველა პრობლემა გულთან მიაქვთ. ბოლო 2 წელია ურავი რამ გაკეთდა. უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას და ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულს.”
გივი ჭიჭინაძე-,,მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა სამტრედიის მუნიციპალიტეტს, არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. ჩვენ დღეს ჯიხაიშის დევნილთა დასახლებაში ვნახეთ ბედნიერი, გახარებული ადამიანები. მათ ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგდათ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლება მუდმივად ეცდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას. ჩვენი მთავარი საზრუნავიც ეს არის.”
დავით ბახტაძე, ,,სხვადასხვა ფონდებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. გზების მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტულია. აღნიშნული ქუჩის პარალელურად ჯიხაიშში სამუშაოები მიმდინარეობს 21-ე, 23-ე და მე-40 ქუჩებზე. გზა წესრიგდება სოფელ ჭაგნის მიმართულებით. უკვე ასფალტირებულია 37-ე და 38-ე ქუჩები. ასეთი ტიპის მასტაბური სამუშაოები ჯიხაიშშიც და სხვა სოფლებშიც დაგეგმილია. გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი და რამდენიმე დღეში ველოდებით დასრულებას, რომელსაც შერჩევა-შეფასების ეტაპი მოჰყვება.”
მერის განმატებით, შემჭიდროვებულ ვადებში დაიწყება სამუშაოები სხვადასხვა სოფელში. ჯიხაიშში დაგეგმილია მე-8, 10, 12, 16 ქუჩების მოწესრიგებაც.