საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ,ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ლევან კიკნაველიძესთან, მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, იმედა ნიკურაძესთან ერთად, სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა.
მინისტრმა სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა.
სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.