სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის მოადგილე დავით შენგელიასთან, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამტრედიის სერვისცენტრის მენეჯერ პაატა კაშიასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც დავით ბახტაძემ აღნიშნა, სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ნალექის შედეგად დაგროვილი წყლის დროულად გატარებას და აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
„აღნიშნული პროექტების დროული განხორციელება მნიშვნელოვანია უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის რისკის შესამცირებლად. განსაკუთრებით საყურადღებოა დაბალ ნიშნულზე მდებარე მონაკვეთები, სადაც წყალი მეზობელი ქუჩებიდანაც ჩაედინება. არხების რეაბილიტაცია და მათი ერთმანეთთან დაკავშირება ამ უბნებში წყლის გადინებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუ კრავეიშვილის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე არხებს. ვაშაკიძის ქუჩაზე განხორციელდა არხის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ახალი მონაკვეთის მოწყობა. ერთმანეთს დაუკავშირდა ჭავჭავაძის, ბათუ კრავეიშვილისა და ვაშაკიძის ქუჩების სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქუჩის გადაკვეთის მონაკვეთზე. დასრულებულია სანიაღვრე არხის მოწყობა ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე.














