სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირების — ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას მემორიალები გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„33 ტკივილიანი წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. 27 სექტემბერი გმირობისა და, ამავდროულად, უდიდესი ტრაგედიის დღეა ჩვენს უახლეს ისტორიაში. უამრავი ვაჟკაცი შეეწირა აფხაზეთის ომს და ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ ამ გმირების ხსოვნას. აფხაზეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება საქართველო“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.














