ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, წარმატებული ფეხბურთელის, თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელმაც სტარტი 24 აპრილს აიღო, დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით, მერიის კულტურის სპორტის განათლების, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ კომპლექსური სპორტული სკოლის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ტურნირს, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მისივე სახელობის მოედანმა უმასპინძლა.
ტურნირში საჯარო და კერძო სკოლები ასპარეზობდნენ.
ტურნირს გახსნის დღიდან ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, თედო კაკულიას მამა, ბეჟან კაკულია ოჯახის წევრები და მეგობრები.
დავით ბახტაძე-,,მიხარია, რომ აღნიშნულ ტურნირს ასეთი მასშტაბური ხასიათი აქვს. ეს პირდაპირ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, რომელიც ახალგაზრდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად იქნება მსგავსი ინიციატივების მხარდამჭერი. მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო და გამარჯვებულ გუნდებს წარმატებები ვუსურვო."
საფინალო შეხვედრა მე-11 საჯარო სკოლასა და პირველ საჯარო სკოლებს შორის დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმართა. გამარჯვება მე-11 საჯარო სკოლამ იზეიმა. მე-2 ადგილი პირველ საჯარო სკოლას ერგო, ხოლო მე-3 ადგილზე ბაშის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ.
ა(ა)იპ კომპლექსური სპორტული სკოლის მიერ დაწესებული სახელობით პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს. ტურნირის ბომბარდირს ბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეს პავლიკა თათეიშვილს, ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს მე -11 საჯარო სკოლის მოსწავლეს დანიელ ხაბეიშვილს, სიგელით დაჯილდოვდა ტურნირის ყველა მონაწილე.
ფინალურ მატჩს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, მერის მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე, თედო კაკულიას მამა, ,,საზოგადოება სამტრედიელი”-ს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ოჯახის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი თედო კაკულიას მამამ, ბეჟან კაკულიამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს ილია ვაშაკიძეს გადასცა.
ინფორმაციისთვის, თედო კაკულიამ სპორტული კარიერა სამტრედიაში დაიწყო. პერსპექტიული ფეხბურთელი 12 წლის ასაკიდან თბილისის ,,დინამოში” თამაშობდა. შემდეგ- უმაღლეს ლიგაში მყოფ რუსთავის ,,მეტალურგში”, ხოლო მომდევნო წლებში ფოთის ,, კოლხეთში” ასპარეზობდა; იყო გორის ,,დილის” ნახევარმცველი. წარმატებული ფეხბურთელის კარიერა ,,ბორჯომში” დასრულდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ თედო კაკულიას სიცოცხლე იმსხვერპლა.