სამტრედიის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელების განახლებისა და მოწყობის ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ქალაქის იმ უბნების წყალმომარაგებისა და წყალარინების სრულად მოწესრიგება, სადაც წლების განმავლობაში არსებული ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო ან საერთოდ არ არსებობდა.
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიანი, სტაბილური და სუფთა სასმელი წყლის მიწოდება ექნება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გერმანიის სახელმწიფო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. მისი საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები მოიცავს არა მხოლოდ სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელების მოწყობას, არამედ სათავე ნაგებობების, მათ შორის გამწმენდი სისტემების აშენებას.
მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან თენგო ცაგურიასთან და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამტრედიის სერვისცენტრის მენეჯერთან, პაატა კაშიასთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს. მათ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გამართეს და პროექტის მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით: „ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ის გარდამტეხ გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მხარდაჭერისთვის."
სამუშაოებს კომპანია „ემბიჯი“ ანხორციელებს, რომელსაც მრავალი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული საქართველოს მასშტაბით.














