სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დიდ ჯიხაიშში ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის დასრულების შემდეგ სრულად განახლებული შენობით ფრენბურთის კლუბი „ჯიკო“ ისარგებლებს, რაც კლუბისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სიახლე იქნება და სპორტსმენებს თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შესთავაზებს.
„სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, სპორტსმენებს ჰქონდეთ ღირსეული ინფრასტრუქტურა და განვითარების საუკეთესო პირობები. დარწმუნებული ვარ, განახლებული სივრცე ფრენბურთის კლუბ „ჯიკოს“ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ახალი წარმატებების მიღწევაში,“ — განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.
მრავალგზის ჩემპიონი და ტიტულოვანი კლუბ „ჯიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ მიქაძემ და ოფისის მენეჯერმა კობა მანძგალაძემ დავით ბახტაძეს კლუბისადმი აქტიური მხარდაჭერისა და მისი განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ ფრენბურთის კლუბი „ჯიკო“ მიმდინარე წლის აგვისტოში დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღს კლუბი განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით შეხვდება.