სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს კახა ნადირაძესთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე, აგრობაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინტენსიური მოძრაობის გათვალისწინებით, სამუშაოები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. აღნიშნული მიდგომა დღის განმავლობაში სატრანსპორტო გადაადგილებისა და მოსახლეობის საქმიანობის შეფერხების შემცირებას ემსახურება.
მიმდინარე წლის განმავლობაში სანიაღვრე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ეროსი მანჯგალაძის, ვაშაკიძისა და ბათუ კრავეიშვილის ქუჩებზე.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამართული სანიაღვრე სისტემა აუცილებელია. ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, მშენებელ კომპანიასთან შევთანხმდით სამუშაოების ღამის საათებში წარმოებაზე. კომპანია პასუხისმგებლობით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკს იცავს. ბოლო დღეების ნალექმა უკვე აჩვენა მოწყობილი არხების ეფექტიანობა — მონაკვეთებზე, სადაც ადრე წყალი გროვდებოდა, მისი გატარება გაუმჯობესდა. პარალელურად, ვმუშაობთ სხვა პრობლემური უბნებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
სანიაღვრე ქსელის ეტაპობრივი მოწესრიგება უხვი ნალექის დროს დატბორვის რისკის შემცირებას, საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.