სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20 სექტემბერი, 2018

18 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელი კომისია, სრული შემადგენლობით, პირველად შეიკრიბა. სამუშაო შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, ვალერიანე ფოცხვერიას კაბინეტში გაიმართა. 
      სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესი სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 3 სექტემბერს დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მერის ვალერიან ფოცხვერიას ბრძანების საფუძველზე კომისია შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: კომისიის თავმჯდომარე - ნუგზარ ჯამბურია; კომისიის წევრები: კობა ძიძიგური, დავით ბახტაძე, ნატალია მანჯგალაძე, თენგიზ ცაგურია, ბადრი შენგელია, ტატა გოგუაძე, ვეფხია ნადირაძე, ჯონი ნადირაძე, ბეჟან გოგია, გოგი შენგელია.
      სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა სამტრედიელთა ყველა თაობისათვის.
      საპატიო მოქალაქის წოდების და ჯილდოს მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ, „ნიკოობას“ ან „სამტრედიელობის“ სახალხო დღესასწაულზე.
      სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა)საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ)მხარის რწმუნებულ-გუბერნატორს;
გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;
დ)საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე)მუნიციპალიტეტის მერს;
ვ)საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ზ)საინიციატივო ჯგუფს (ამ ემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).

       სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელ კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა)სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება.
ბ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული დოკუმენტის ასლი;
გ)კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3/4-ზე;
დ)კანდიდატის წერილობითი თანხმობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე;
ე)კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
ვ)კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.

      განცადების წარდგენის ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი.

გააზიარე